Skip to content
Netgazeti(https://netgazeti.ge/)
ნეტგაზეთი
მხარდაჭერა(https://flitt.site/netgazetiandbatumelebi/#/)
დაგვამატე Google-ში(https://www.google.com/preferences/source?q=netgazeti.ge)
Menu
ბათუმელები(https://batumelebi.ge) | RU(https://ru.netgazeti.ge)
Open Search
Posted in ახალი ამბები(https://netgazeti.ge/category/news/)
სვანეთის მიტროპოლიტი ხელისუფლებას აკრიტიკებს და იობის ქადაგებას უერთდება
11.11.2026 11.11.2026
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.(https://netgazeti.ge/tag/მზია-ამაღლობელი/)
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი”ქართული ოცნების” მთავრობას ერის წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებისკენ მოუწოდებს და ღიად უერთდება მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის 10 ნოემბრის ქადაგებას.
სპეციალურ განცხადებაში მიტროპოლიტი ილარიონი მწვავედ აკრიტიკებს “ოცნების” პოლიტიკას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის:
დემოგრაფიულ კრიზისს
უკონტროლო მიგრაციას
სათამაშო ბიზნესს
სასულიერო პირებზე უკანონო თვალთვალს
სვანეთის მიტროპოლიტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი მწყემსი არასდროს უშინდება მიწიერ ძალაუფლებას, როდესაც საქმე ერის გადარჩენას ეხება. ჩვენ გვახსოვს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სიმტკიცე მეფის წინაშე, წმინდა იოანე ოქროპირის მხილება სამეფო კარის უსამართლობაზე და წმინდა ამბროსი ხელაიას თავგანწირვა საბჭოთა რეჟიმის პირისპირ. სწორედ ამ მემკვიდრეობის ერთგულება გვავალდებულებს დღესაც, ხმამაღლა და შეულამაზებლად ვთქვათ სიმართლე მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ერის ზნეობრივ საფუძვლებსა და მომავალი თაობის გადარჩენას.
ნებისმიერი ღვთისმსახურების დროს ეკლესია ლოცულობს „ქრისტესმოყვარისა მთავრობისა და მხედრობისათვის“. ეს ლიტურგიკული ფორმულა უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფალს. მთავრობა „ქრისტესმოყვარე“ და ღვთისგან კურთხეულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ქრისტიანული ზნეობით, სამართლიანობითა და მოყვასის სიყვარულით მართავს ქვეყანას, იცავს სარწმუნოებას, ეროვნულ ღირებულებებსა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობას. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება ამ კურთხევასა და საღვთო მადლს.
სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ სათამაშო ბიზნესისა და ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლო გავრცელებითა და ფაქტობრივი წახალისებით, ჩვენი ახალგაზრდობა უმძიმესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ლუდომანია და ნარკომანია ანადგურებს ოჯახებს და ართმევს ქვეყანას მომავალს.
ამავდროულად, უკიდურესად შემაშფოთებელია ქვეყანაში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა. მაშინ, როდესაც ქართველი მოსახლეობა იძულებულია, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწოს და ქვეყანა იცლება ადგილობრივი მოსახლეობისგან, ვხედავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის არაბული ქვეყნებიდან მიგრანტებისა და ვიზიტორების უკონტროლო და მასობრივ შემოდინებას, მიწებისა და ქონების გასხვისებას. ასეთი უპასუხისმგებლო საემიგრაციო და ეკონომიკური პოლიტიკა პირდაპირ ემუქრება საქართველოს ეროვნულ იდენტობას, კულტურულ თვითმყოფადობასა და დემოგრაფიულ ბალანსს.
ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო მიყურადება და თვალთვალი, რომელიც მიმართულია როგორც სასულიერო პირების, ისე ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. ადამიანის თავისუფლება და ღირსება ღვთისგან ბოძებული უზენაესი ნიჭია, ხოლო პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ მორალს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.